21 იანვარი პოეტ მერი ბარნაბიშვილის დაბადების დღეა

21 იანვარი პოეტ მერი ბარნაბიშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
მერი ბარნაბიშვილი დაიბადა 1937 წელის 21 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში.1955 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა,1961 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
მისი ლექსები პირველად ჟურნალ „ცისკრის“ 1965 წლის მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა.
გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: „მე ზეთისხილის რტოს მოგიტან“, „ლექსები“, „თეთრი შროშნები“, „თუ რამე ძალმიძს“.
გარდაიცვალა 2002 წლის 18 იანვარს.

ფერხთით დამიგეს …

ფერხთით დამიგეს ვარდი და ია,
არ დაიშურეს არც ერთი ძღვენი,
ციხე-ქალაქში განცხრომით ვზივარ
და გარს მივლიან მეციხოვნენი.

მაღლა აღმართეს კავკასიონი,
დაბლა გაშალეს ალაზნის ველი,
ხან მოიწვიეს აპრილის დილა,
ხან ტყე შეფერეს ოქტომბრის ფერით.

მეც ფეხი ვერსად ვერ მომიცვლია,
სიცოცხლე მინდა ათასი წელი,
ზღაპრის გმირივით მზის კოშკში ვზივარ,
და გარს მივლიან მეციხოვნენი.

მერი ბარნაბიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები