დავით ზალკალიანი ესპანეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერმინისტრთან, პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერმინისტრის სურვილი, პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში.
დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის “სოლიდარობის გეგმისთვის”, რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში. ყურადღება გამახვილდა, ასევე, საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და იმ მაღალ მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.