„ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურ ველზე ხდება, რაც სრულიად მიუღებელია და შეშფოთების საფუძველს იძლევა” – გულედანი ბუკნარის მოვლენებზე

“ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების ყველაზე რთული მხარე არის ის, რომ ამ თემით მანიპულირებას პოლიტიკოსები ახდენენ”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი აცხადებს.

როგორც გულედანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პოლიტიკოსების მიერ აღნიშნული საკითხით მანიპულირება სრულიად მიუღებელია და შეშფოთების საფუძველს იძლევა.

„ვფიქრობთ, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. მსგავსი საკითხები როგორც სახელმწიფომ, ისე სამოქალაქო სექტორმა მაღალ დონეზე უნდა შეაფასონ, მიიღონ ეს გამოწევა.

ჩვენ ვსაუბრობთ ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა, გარკვეული ძალების მიერ იყო წარმართული. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო რელიგიურად ტოლერანტია. ჩვენ ტოლერანტული საზოგადოება ვართ. უპირველესად, ამას საკუთარი რელიგიაც გვეუბნება. ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულზეა დაფუძნებული. არ შეიძლება, ქრისტიანმა სხვისი სარწმუნოება შეურაცხყოს. ორიოდე სიტყვით ისლამსაც შევეხები. საინტერესოა ის გარემოება, რომ ისლამს რამდენიმე მიმართულება აქვს. ერთერთია ექსტრემისტული, საკმაოდ სახიფათო იქედან გამომდინარე, რომ ის არ მოიცავს სხვისი რელიგიის პატივისცემას. საბედნიეროდ, არის მიმართულებები, რომელიც სხვის მრწამსს პატივის სცემს.
ბოლოდროინდელმა მოლენებმა გვაჩვენა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურ ველზე ხდება. ეს სრულიად მიუღებელია და შეშფოთების საფუძველს იძლევა, რადგან ერთგვარ რისკებს შეიცავს.

ჩანს, რომ პროცესი ხელოვნურად იყო მართული. დავინახეთ მონაწილეები, რომლებიც პროცესს აფერხებდნენ, ხელს არ უწყობდნენ შერიგების პოლიტიკას. გვაქვს რამდენიმე აქტივისტის მონაცემი. კონკრეტულად რამდენიმე პირი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანლის, მიხეილ სააკაშვილის დირექტივების შემსრულებელია. გამოჩნდნენ ლევან ვარშალომიძის დაკვეთების შემსრულებლებიც. მაგალითისთვის, დავინახეთ ფირუზ წულუკიძე, რომელიც აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი აქტიურობა გამოხატული იყო აგრესიით, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. ვნახეთ სამართალდამცველების კორდონის გარღვევა, არეულობის მცდელობა.

საკითხის ყველაზე რთული მხარე არის ის, რომ ამ თემით მანიპულირებას ახდენენ პოლიტიკოსები. ესენი არიან, ძირითადად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, კონკრეტულად – გიგა ბოკერია, ტარიელ ნაკაიძე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია „ევროპულ საქართველოსთან“. ფირუზ წულუკიძე, რომელიც ექსპრეზიდენტს ერთგულებას აღუთქვამს და კონკრეტული გეგმის ამოქმედებისკენ მზადმყოფნას გამოთაქვამს. ჩვენ არ ვიცით, ეს რა გეგმაა. აქედან გამომდინარე, მოსახლოებამაც უნდა იფრთხილოს. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან გაკვირვებული იყო ამ კონფლიქტის ასეთი გაღრმავების გამო“, – განაცხადა გულედანმა.

ცნობისთვის, ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის უთანხმოება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. გურიის რწმუნებულის, ზურაბ ნასარიას განცხადებით, სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები