გიორგი კანდელაკი: ბატონი ელისაშვილი “ქართულ ოცნებას” შეერწყა და არის “ერთ სულ და ერთ ხორცად” ამ პარტიასთან
“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, “მოქალაქეების” ლიდერი – ალეკო ელისაშვილი “ქართულ ოცნებას” დიდი ხანია, შეერწყა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ელისაშვილს საკუთარი გზავნილების გახმოვანებისთვის იყენებს.
“ის წინადადება, რასაც ელისაშვილი განიხილავს, იმდენად არასერიოზულია, რომ ოპოზიცია მას არც კი განიხილავს. დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის დანიშვნა სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა – უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ბატონი ელისაშვილი “ქართულ ოცნებას” დიდი ხანია, შეერწყა და არის “ერთ სულ და ერთ ხორცად” ამ პარტიასთან. “ქართული ოცნება” მას იყენებს სპიკერად, საკუთარი გზავნილების გახმოვანებისთვის, მან თავისი გზა აირჩია”, – განაცხადა კანდელაკმა.
ცნობისთვის, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა – “პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის”.