ხატია დეკანოიძე – ელისაშვილზე: სამწუხარო იქნება, თუ ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას გამოეთიშება
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ნამდვილად მზად არ არის კომპრომისისთვის, მაშინ არაფერს აქვს აზრი, არც მოლაპარაკებებს მოლაპარაკებისთვის.
„სამწუხარო იქნება, თუ ის გამოეთიშება ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებში მხოლოდ საარჩევნო რეფორმა არ გვაქვს წარდგენილი. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნები ან რაიმე ინსტრუმენტი, რომელიც მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების თავისუფლების საკითხი და, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, ოღონდ არა იმ კონტექსტში, როგორზეც საუბრობს ხელისუფლება. არ ვიცი, ბატონ ელისაშვილს რა მოლაპარაკებები ჰქონდა. ზოგადად, ფართო კონტექსტში თუ არ დაკმაყოფილდება ყველა ეს მოთხოვნა, თუ არ ვნახავთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად მზად არის კომპრომისისთვის, მაშინ არაფერს აქვს აზრი, არც მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დღეს „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.