ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანას ამბიციური გეგმები აქვს ევროკავშირთან მიმართებაში.

„ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება”.

შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.

მხარეებმა ისაუბრეს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პერსპექტივების შესახებ. „ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა, რასაც ელჩის თქმით, გერმანია, მიესალმება”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები