აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, დამტკიცებული რეზოლუციით, მაიკ პენსს დონალდ ტრამპის გადაყენებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, თანამდებობიდან მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გადააყენოს, რაზეც მანამდე პენსმა უარი თქვა.

რეზოლუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პენსი კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებით პრეზიდენტს არ გადააყენებს, დემოკრატიული პარტია ქვეყნის პირველ პირს იმპიჩმენტით ემუქრება, ამბოხისკენ წაქეზების ბრალდებით.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დადგება, Reuters-ის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ხმის მიცემას რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენიც გეგმავს, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილია – ლიზ ჩეინი.

რეზოლუციის დამტკიცებამდე, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა.

„არ მჯერა, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება“, – მიიჩნევს პენსი.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის ძალისხმევა მიმართულია ხელისუფლების ორგანიზებული გადაბარების უზრუნველყოფაზე. მან მოუწოდა კონგრესის წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაყოფს საზოგადოებას და არსებულ ვნებათაღელვას კიდევ უფრო გააღვივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები