ბიძინა ივანიშვილი: როდესაც მოვედი პოლიტიკაში, განცხადება გავაკეთე, რომ ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე

2011 წელს განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკაში ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში” განაცხადა.

„ჩემი ხელწერით წლების განმავლობაში დავასაბუთე, რომ არ ვთვალთმაქცობდი და ნამდვილად არ არის პოლიტიკოსობა ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფესია. მე მოვედი იძულებით, რადგან სჭირდებოდა ქვეყანას. არ იყო საკმარისი ძალა, რომ მოძალადეებს გამკლავებოდნენ, ჩემი დახმარებაც დასჭირდათ და ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ, პოლიტიკაში დამრჩენი არ ვარ. მართლაც ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი. ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი, როგორც დავპირდი საზოგადოებას.

თუ გაიხსენეთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბევრი კითხვა იყო – როგორ პოზიციებს დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობას ვიტოვებ არსებულ გუნდზე. ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი.

ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების” და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი – მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების” ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. აი, ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების”, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები