თინა ხიდაშელი: “ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

“მე ვფიქრობ და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს წასვლა არაფრით იქნება განსხვავებული პირველი წასვლისგან”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

როგორც ხიდაშელმა ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა, “ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი.

“მე ვფიქრობ და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს წასვლა არაფრით იქნება განსხვავებული პირველი წასვლისგან. ორივე შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვქონდა ერთი და იმავე მოვლენა, როდესაც ბატონი ივანიშვილი სინამდვილეში გულწრფელად ცდილობდა პოლიტიკური სცენიდან გასვლას, პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას, მაგრამ პირველ შემთხვევაში მან ეს ვერ მოახერხა და სამწუხაროდ მგონია, რომ ამჯერად, განსხვავებით პირველი შემთხვევისგან ის ამას აღარ მოახერხებს. თუ ჩვენ კითხვას ვსვამთ, რატომ ვერ წავიდა მაშინ, როდესაც მართლა უნდოდა წასვლა, ამის მიზეზი იყო ის პრემიერი, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც კი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ამარა არ დაეტოვებინა ქვეყანა. ეს იყო 2013 წელს მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ წავიდა ის პოლიტიკიდან. რაც შეხება კვირიკაშვილს, უკვე ეს პროცესი მიმდინარე იყო, იქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული აღარ მომხდარა, მას, უბრალოდ მოუწია შემდეგ დაბრუნება, იმიტომ რომ იმდენად იყო მასზე ყველაფერი ჩამოკიდებული და იმდენად ახდენდა ის საკუთარი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, ვისაც რეალური ლიდერობის პოტენციალი ჰქონდა და კვირიკაშვილი არ იყო ერთადერთი, სამწუხაროდ, რომ ის იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო სრულიად დემორალიზებულ და შიდა კონფლიქტებისთვის განწირული “ქართული ოცნების” გადასარჩენად. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა – მემკვიდრე, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა.

ჩემთვის მთავარი ტესტი იცით რა იქნება, იმისი ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, თავისი პარტიიდან, გადაწყვეტილების მიღების სისტემიდან თუ არა, მთავარი ნიშნული და მაჩვენებელი იქნება მოვლენები, რომელიც თავად “ქართულ ოცნებაში” განვითარდება, ალიდერებენ თუ არა კობახიძეს, ეს არის მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ ივანიშვილის გარეშე ეს არის გამორიცხული. არ აქვს არავითარი რესურსი კობახიძეს, რომ იყოს მაგალითად, კახა კალაძის ლიდერი, ან თუნდაც გიორგი გახარიას ლიდერი, მაგრამ ივანიშვილთან ერთად, მას შეუძლია იყოს ამ პარტიის ლიდერი”,- განაცხადა ხიდაშელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები