ბაკურ აბულაძე: საქართველოს პროკურატურამ გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურაში IBM I2 ანალიზის პროგრამა დაინერგა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ციფრული ანალიტიკური პროგრამა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ დახვეწილი საგამოძიებო ანალიზი, ამოიცნონ საჭიროებები, ხელი შეუწყონ უწყებათა თანამშრომლობას და მართონ დანაშაული. IBM I2 პროგრამა მომხმარებელს აძლევს განსხვავებული ფორმატის, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საბანკო და სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერების და სხვა ინფორმაციის პროგრამაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. პროგრამა ახდენს მონაცემების ანალიზს, დახარისხებას, სტრუქტურიზაციასა და ავტომატიზაციის საშუალებით, დროის მცირე მონაკვეთში, დამუშავებული, მშრალი მონაცემების ვიზუალიზაციით ორ ან რამდენიმე ქსელს შორის კავშირის გამოვლენას, შაბლონური ქცევებისა და ლატენტური საფრთხის აღმოჩენას და დანაშაულებრივი ქმედებების მიდევნებას. სისტემაში მონაცემების მიღება-დამუშავება შესაძლებელია რეალურ დროშიც“, – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.
მისივე განცხადებით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, როდესაც კომპლექსური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას სულ უფრო ხშირად ვხვდებით მოცულობითი ელექტრონული ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის აუცილებლობას, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გამოძიების პროცესში.
როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, IBM I2-ს ასევე აქვს ინოვაციური ფუნქცია, როგორიცაა სოციალური ქსელის მონაცემების ზედდება სხვა საგამოძიებო მასალებზე.
„IBM I2 წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება დანაშაულის პრევენციისა და დროულად გამოძიებისთვის. აღნიშნული პროგრამა შექმნილია NATO-ს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით და აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის, თაღლითობისა და სხვა კომპლექსური ხასიათის დანაშაულის გამოძიების პროცესში“, – განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.
ბაკურ აბულაძის თქმით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა პროკურორებსა და გამომძიებლებს საგამოძიებო თუ ოპერატიული გადაწყვეტილებების დროულ მიღებაში ეხმარება და დროის მცირე მონაკვეთში ეფექტიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას აძლევს.