ფრიდონ ინჯია: დროებითი საგამოძიებო კომისია რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაკომპლექტდეს
“რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაკომპლექტდეს დროებითი საგამოძიებო კომისია და წერტილი დაესვას ყოველივე ამას”, – ასე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია თებერვლის პირველივე კვირაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ინჯიას თქმით, თუ 1%-ზე მეტი იქნება ცდომილება, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„თუ 1%-ზე მეტი იქნება ცდომილება, ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რაც მისასალმებელია, რომ წერტილი დაესვას ყოველივე ამას. უფრო მეტიც, პოლიტიკიდან მიდის ასეთ შემთხვევაში ბატონი კობახიძე. სანამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პირობა არ გადათქვა, დროზეა გასაკეთებელი. მთელი ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ პროცესში, ყველაფერი უნდა დადგინდეს. რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაკომპლექტდეს დროებითი საგამოძიებო კომისია და წერტილი უნდა დაესვას ყოველივე ამას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.