ირაკლი გოგავა: ტრამპის სრულ დისკრედიტაციას შეეცდებიან, რათა 2024 წლის არჩევნებში ვერ შეძლოს მონაწილეობა

როგორც ტრამპმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლებას მშვიდობიანად გადასცემს ჯო ბაიდენს, ამასთან, მომხრეებს უთხრა, რომ “მოგზაურობა” მხოლოდ ახლა იწყება, რაც სამომავლო პოლიტიკური ამბიციის განაცხადს ჰგავს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ირაკლი გოგავამ ,,კვირის პალიტრასთან” განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის სრულ დისკრედიტაციას შეეცდებიან, რათა 2024 წლის არჩევნებში ვერ შეძლოს მონაწილეობა.

,,6 იანვრის ვაშინგტონის მოვლენების გამო პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გაინაწილოს ორივე პარტიამ, სახელმწიფო ბიუროკრატიამ, შტატების პოლიტელიტებმა, მედიამ, სასამართლომ. მათ ერთობლივად შექმნეს ისეთი სიტუაცია ქვეყანაში, როცა კონგრესში ხალხის შეჭრა შესაძლებელი გახდა. რატომ ჩავიდა ასიათასობით დემონსტრანტი დედაქალაქში? მსგავსი რამ აქამდე არჩევნების გამო ხომ არ მომხდარა. მილიონობით ამერიკელს არ სჯერა არჩევნების შედეგების და სწორედ ამან გამოიწვია ეს პროცესები. სასამართლოს რომ მოესმინა და გამოეტანა ვერდიქტი, მსგავსი რამ არ მოხდებოდა.

6 იანვარი შტატებიდან არჩეული ხმოსნების გადაწყვეტილების გამოცხადებისა და დათვლის დღე იყო. ამერიკის კონსტიტუციით, შტატებიდან არჩეული ხმოსნების კენჭისყრის შედეგებს ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს. 6-7 შტატიდან ორ-ორი ვარიანტი იყო გაგზავნილი: ერთი ბაიდენის სასარგებლო, მეორე – ტრამპის. ეს ის შტატებია, სადაც რესპუბლიკელები არჩევნების შედეგებს სანდოდ მიიჩნევდნენ. ტრამპის მომხრეები ითხოვდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ორი ალტერნატიული ვარიანტიდან საკუთარი სურვილით აერჩია, რომელი კონვერტი გაეხსნა და დაეთვალა. პენსმა კი განაცხადა, რომ არ აპირებდა ბაიდენის სასარგებლო ხმების დაბლოკვას. ამას მოჰყვა დემონსტრანტების აგრესია. ამასთან, მიტინგზე ტრამპმა მოუწოდა დემონსტრანტებს კონგრესისკენ მარში დაეწყოთ. სწორედ ამ მომენტს იყენებენ ტრამპის წინააღმდეგ, რომ მისმა მოწოდებამ შეაგულიანა დემონსტრანტები აგრესიული ქმედებისკენ. მართალია, მარშისკენ მოწოდება არ ნიშნავს შტურმისკენ მოწოდებას, მაგრამ, ჯობდა ტრამპს ხაზგასმით ეთქვა, რომ არ დაეშვათ ძალადობრივი ქმედებები.

140-ზე მეტი რესპუბლიკელი კონგრესმენი და 7 სენატორი მზად იყო გაეპროტესტებინათ შტატების არჩევნების შედეგი. კონსტიტუციით ასეთ შემთხვევაში ორივე პალატაში 2-საათიანი დებატები იმართება ცალკე ყოველ გაპროტესტებულ შტატზე. ამავე დროს 100-ზე მეტმა სადავო შტატის სენატორმა წერილით მიმართა პენსს, რომელიც სენატის თავმჯდომარედ ითვლება, რომ დაებრუნებინათ საკითხი ადგილებზე, რათა შტატების სენატებს ემსჯელათ ხმოსნების ხელახლა სერტიფიცირებაზე ანუ დამტკიცებაზე. ეს ლეგალური პროცესები დაწყებული იყო, როცა ხალხი შეცვივდა კონგრესში. კონგრესის შენობის ხალხისგან გათავისუფლების შემდეგ სენატორებმა აღარ ისურვეს გაპროტესტება და ღამის სამ საათზე ბაიდენი  დაამტკიცეს არჩეულ პრეზიდენტად.

როგორც ტრამპმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლებას მშვიდობიანად გადასცემს. ამასთან, მომხრეებს უთხრა, რომ “მოგზაურობა” მხოლოდ ახლა იწყება, რაც სამომავლო პოლიტიკური ამბიციის განაცხადს ჰგავს,”- განაცხადა ირაკლი გოგავამ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ტრამპის მმართველობის წლებზე ისაუბრა. გოგავას თქმით, ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მმართველობითმა სისტემამ ტრამპი თავიდანვე საფრთხედ აღიქვა, რადგან მან უარი თქვა სისტემის წესებით თამაშზე.

,,როცა არჩევნების შედეგები სადავო ხდება, მტყუან-მართლის გარკვევის მხოლოდ სამი ლეგალური გზა არსებობს: სასამართლო, შტატების სენატი და აშშ-ის კონგრესი. არც ერთმა არ განიხილა ათეულობით საჩივარი. 60-ზე მეტმა სხვადასხვა დონის მოსამართლემ არ მიიღო სარჩელი განსახილველად. შტატების დონეზე, კონგრესშიც, მტკიცებულებები არ განუხილავთ, არ მოუსმინეს 1000-ზე მეტ მოწმეს, ექსპერტს. მედიის 90% მის წინააღმდეგ იყო, სოციალური ქსელები ბლოკავდნენ, ქვეყანაში არ იყო არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობდა. 4 წელი ისეთი სიტუაცია იყო, ბულინგის შიშით ბევრი მალავდა, რომ ტრამპის მხარდამჭერი იყო. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მმართველობითმა სისტემამ ტრამპი თავიდანვე საფრთხედ აღიქვა, რადგან მან უარი თქვა სისტემის წესებით თამაშზე.

შეუტია გლობალისტებს, ჩინეთს, ევროპას, რუსეთს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუსტია, ვერ გაქაჩა, მაგრამ თუ გავაანალიზებთ, რა გახდა საჭირო მის წასაქცევად, უკვე სხვაგვარად იფიქრებთ: აშშ-ის პრეზიდენტის პუტინის აგენტობაში დადანაშაულება, სპეცპროკურორის გამოძიება, იმპიჩმენტის მრავალთვიანი პროცედურა, მსოფლიო ეკონომიკის გაჩერება, ქუჩებისა და ბიზნესების გადაწვა 50 ქალაქში, ათეულობით მილიარდი მის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად……დაჭერას რაც შეეხება, ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი, ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და 20 იანვრამდე შეიწყალოს საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და ეს შეწყალება მას სრულ იმუნიტეტს მისცემს და მეორე – განვითარებულ ქვეყნებში პრეზიდენტებს არ იჭერენ – ეს დაუწერელი წესია.

არნახული ზეწოლისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი შედეგები ჰქონდა. პანდემიამდე ამერიკის ეკონომიკა გაზარდა, დოუ-ჯონსის ინდექსი ანუ აშშ-ის მრეწველობის ღირებულება რეკორდს რეკორდზე ხსნიდა. უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა, ქვეყანაში 12 000 დიდი საწარმო დააბრუნა, მხოლოდ მრეწველობაში შექმნა ასეულათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შავკანიანებსა და ქალებში უმუშევრობა რეკორდულად დაბლა დასწია, საშუალო ამერიკელის შემოსავალი უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა, ისრაელი არაბულ სახელმწიფოებთან “შეარიგა” – ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო, სერბეთ-კოსოვოს დიალოგი შედგა, ამერიკა პირველად გახდა ენერგოდამოუკიდებელი – ნავთობსა და გაზს ექსპორტზე ყიდდა. გააძლიერა რუსეთზე ზეწოლა და სანქციები დაუწესა, უკრაინას იარაღით დაეხმარა, ჩვენ რეკორდულად მაღალი დაფინანსება გამოგვიყო, არ აწარმოა არც ერთი ომი, გააჩერებინა ჩრდილო კორეის ბირთვული ცდები. შეამცირა გადასახადები ბიზნესისთვის, მოიგო 2028 წლის ოლიმპიადის ლოს-ანჯელესში და ფეხბურთში მსოფლიო თასის ამერიკა-მექსიკა-კანადაში 2026 წელს ჩატარება, ჩამოაყალიბა კოსმოსური ძალები, აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, შეაჩერა არალეგალური იმიგრაცია ქვეყანაში,”- განაცხადა ირაკლი გოგავამ.

გოგავამ ასევე ამერიკაში პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა, მეტი საშუალება მიეცემოდა ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის განსავითარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

,,ტრამპის სრულ დისკრედიტაციას შეეცდებიან, რათა 2024 წლის არჩევნებში ვერ შეძლოს მონაწილეობა. სისტემამ გაკვეთილი კარგად შეითვისა: პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარე ფიგურა საფრთხეს უქმნის მათ გავლენებს. ვფიქრობ, ამ მოვლენებს მოჰყვება შედეგები, რასაც შემდგომი ადმინისტრაცია უნდა გაუმკლავდეს და აი, რატომ: 1. ათეულობით მილიონი კაცი არ ენდობა არჩევნების შედეგებს; 2. ამერიკა არ არის უნიტარული სახელმწიფო. მისი სახელის პირდაპირი თარგმანი ასეთია – “ამერიკის გაერთიანებული სახელმწიფოები. ეს ნიშნავს, რომ შტატები უფრო ავტონომიურად იმოქმედებენ და არ მიიღებენ ფედერალური ცენტრის ყველა გადაწყვეტილებას. არჩევნებმა გამოავლინა საარჩევნო პროცესის დახვეწის აუცილებლობა. მოკლედ, საარჩევნო რეფორმა აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. დემოკრატები აპირებენ მილიონობით არალეგალს მისცენ ამერიკის მოქალაქეობა (სახელდება 11-დან 20 მილიონამდე), რაც ნიშნავს, რომ ყველა შემდგომ არჩევნებში ისინი ხმას მისცემენ. ეს კი დრამატულად შეცვლის ელექტორალურ სურათს, რადგან ეროვნული უმცირესობების დიდი ნაწილი დემოკრატებს აძლევს ხმას. თუ პროცესები ასე წარიმართა, დემოკრატები დიდი ხნით დარჩებიან ხელისუფლებაში.

ჩვენთვის რა შეიცვლება თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლით? საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრი არაფერი. ჩვენ დიდი ხნის წინ ავირჩიეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი. ამ საკითხში რესპუბლიკელების მხარდაჭერაც გვაქვს და დემოკრატებისაც. ტრამპისთვის ნომერი პირველი მეტოქე ჩინეთია, ბაიდენისთვის – რუსეთი. თითქოს დიდი განსხვავებაა, მაგრამ ტრამპისთვის რუსეთი ნომერი მეორე მეტოქეა, ხოლო ბაიდენისთვის – ჩინეთი. ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, თუმცა მსოფლიო პოლიტიკის დინამიკაზე გავლენას ახდენს. უფრო მგრძნობიარე ფაქტორი გლობალიზაციის მოდელია. გლობალიზაცია და ციფრული ტრანსფორმაციები გარდაუვალია, რადგან ეს ბევრ პროცესს ამარტივებს როგორც მმართველი ელიტებისთვის, ისე ხალხისთვის. თუმცა არსებობს გლობალიზაციის ორი მოდელი: ეროვნული სახელმწიფოების გარეშე და ეროვნული სახელმწიფოების მონაწილეობით. ტრამპი მეორის მომხრე იყო.

რას აპირებს ბაიდენი, უცნობია, თუმცა ვიცით, რას ფიქრობს “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უცვლელი პრეზიდენტი კლაუს შვაბი: ის ეროვნულ სახელმწიფოს “ახალი მსოფლიო წესრიგისთვის” ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. ამას ემატება სხვა საკითხებიც: ხალხების მიგრაცია; ეკონომიკური წყობის ცვლილება; ახალი ფულად-საკრედიტო სისტემა; წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმის გადახედვა კომუნალური საკუთრების სასარგებლოდ; ლიბერალური კაპიტალიზმის ნაცვლად ინკლუზიური კაპიტალიზმის შემოღება და ა.შ. ბევრ საკითხზე არ ვიცით, როგორია ბაიდენის და მისი გუნდის პოზიცია. ტრამპის პოზიცია გასაგები იყო. ის აცხადებდა, “ეროვნული სახელმწიფო უნდა დარჩეს, “იმიგრაცია უნდა შეჩერდეს, “კომუნიზმს – არა… დღევანდელი სისტემა რომ აღარ მუშაობს, ესეც უდავოა, ფუნდამენტური რეფორმებია აუცილებელი. დიდი ცვლილებების დრო მოდის “დიადი გადატვირთვა” უკვე დაწყებულია, კითხვები არის, პასუხები – არა. დღის წესრიგში ერთადერთი კონსენსური საკითხი ეკოლოგიაა. აქცენტი არის განახლებად ენერგიასა და 2030-2050 წლისთვის ტრადიციულ ენერგომატარებლებზე (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) სრული უარის თქმა. განახლებადი ენერგიისთვის საქართველოს უნიკალური რესურსები აქვს (ჰიდრო, მზე, ზღვა, ქარი, გეოთერმული წყლები). ეკოლოგიური ტრენდის ქვეშ შავი ზღვის გოგირდწყალბადის ენერგიად გარდაქმნა რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი, ეს კი ულევი ენერგიაა. გეოთერმული ენერგიით თბილისის გათბობა/ცხელი წყლით სრულად მომარაგება 4-ჯერ იაფად შეიძლება, თანაც თითქმის ნულოვანი მხუთავი აირის ემისიით. “ერთი ტრილიონი ხის” ინიციატივაც კარგია. საქართველოში ტყის მასივებს და ქარსაცავ ზოლებს მეცნიერულად თუ გააშენებ და წყალსაცავების ქსელს გააკეთებ, 30-40%-ით გაიზრდება მოსავლიანობა, კლიმატი დარბილდება და გრუნტის წყლები ზემოთ ამოიწევს.

სხვა ყველაფერი ბურუსით არის მოცული. ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა, მეტი საშუალება მიეცემოდა ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის განსავითარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მე კონსერვატორი არა ვარ. ვფიქრობ, ეს სეგრეგაცია – “მემარჯვენე, “მემარცხენე, “ლიბერალი”- აზრს მოკლებულია, როცა საქმე სახელმწიფოს და ეკონომიკის შენებას ეხება. ზოგი საკითხი მემარჯვენე მიდგომას საჭიროებს, ზოგი მემარცხენეს, მაგრამ როცა ბატონი შვაბი მეუბნება, რომ ეროვნული სახელმწიფო ხელის შემშლელია, ამ საკითხში მნიშვნელობა აღარ აქვს მემარცხენე/მემარჯვენეს. თუ ქართული სახელმწიფოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაღა ფასეულობა დაგვრჩება? ჰედონიზმი? თუ ხელოვნურად კულტივირებული ჰიბრიდულ-სინთეზური იდეოლოგიური მოდელები და ამ მოდელებით უხარისხოდ გამოყვანილი ზერელე განათლების, მაგრამ მკაფიო ინსტრუქციების მქონე ინდივიდების შაბაშით ტკბობა,”- განაცხადა ირაკლი გოგავამ.

ცნობისთვის, 6 იანვარს კაპიტოლიუმში დემონსტრანტები შეიჭრნენ. შოკისმომგვრელი სცენარი მაშინ განვითარდა, როცა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა არეულობას 5 კაცი ემსხვერპლა. მსოფლიო ლიდერებისა და ანალიტიკოსების ერთი
ნაწილი დონალდ ტრამპს ადანაშაულებს, ზოგიერთის აზრით კი კაპიტოლიუმში შეჭრა პროვოცირებული იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები