დავით ჩიხელიძე: ღრმად მჯერა, ოთხეულს, რომელიც გუშინ პარლამენტში შევიდა, კიდევ არაერთი დეპუტატი მიბაძავს

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის პარლამენტში შესვლას ეხმაურება.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბება ოპოზიციის მიერ შექმნილი მითია, რომლისაც ოპოზიციის წარმომადგენლებსაც აღარ სჯერათ.

„პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლების შესვლით პროცესები მკვდარი წერტილიდან დაიძრა, ღრმად მჯერა, ოთხეულს რომელიც გუშინ პარლამენტში შევიდა კიდევ არაერთი დეპუტატი მიბაძავს, შევა პარლამენტში და საკუთარი უფლება მოვალეობის შესრულებას დაიწყებს. არ შეიძლება, გქონდეს უფლება, საკითხების გასაჟღერებლად ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნა გამოიყენო, შენ კი ჯიუტად ქუჩას ანიჭებდე უპირატესობას. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ქუჩისთვის უპირატესობის მინიჭებაც პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე მიანიშნებს…

ოპოზიციის მიერ შექმნილი მითის, რომ არჩევნები გაყალბდა, უკვე აღარც ოპოზიციას სჯერა. მაქვს მოლოდინი, რომ მათი შემდგომი მოთხოვნები ლოგიკური და არსებულ მოცემულობასთან შესატყვისი იქნება. მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების შესახებ აქტუალობასა და სერიოზულობას კარგავს, რადგან შემიძლია, ათობით მაღალი რანგის პიროვნების განცხადება და დასკვნა მოვიშველიო (როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კონკრეტული პირების), სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არჩევნები პასუხობდა ყველა დემოკრატიულ სტანდარტს, ხოლო საპირისპირო მოსაზრების (მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანის განცხადება) შემცველი განცხადებები არ მოიძებნება, რაც კიდევ ერთხელ, ნათლად ადასტურებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ქართველებს ბევრი ხალხური, გენიალური ფრაზა და ანდაზა გვაქვს, რაც ქართველი ადამიანის სიბრძნეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ერთი ანდაზა შემდეგნაირად ჟღერს: „უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებდნენო”. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც პარლამენტში შესვლაზე ის ადამიანები აცხადებენ უარს, რომლებიც პარლამენტის წევრი არ გამხდარნ და ის ადამიანი ჭრის პარლამენტის მანდატს, რომელსაც მანდატი ფიზიკურად არ გააჩნია. ეს ხომ ოპოზიციის არასერიოზულობაზე მიანიშნებს? განა არსებობს საზოგადოების თვალებში ნაცრის შეყრის ამაზე თვალსაჩინო მაგალითი?”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები