მამუკა მდინარაძე: მრავალპარტიულობის იმედი გვაქვს
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
მდინარაძე ფიქრობს, რომ, რაციონალური და სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
“მრავალპარტიულობის იმედი გვაქვს იმიტომ, რომ ვიმედოვნებთ, რაციონალურად, სახელმწიფოებრივად იფიქრებენ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც და, საბოლოოდ, იმოქმედებენ იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს.
რაც შეეხება სხვა პარტიების დამოკიდებულებას, ალბათ, მათში შეცვლის მესიჯბოქსსა და რამე ახალს მოიფიქრებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გააუფასურონ ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში შემოსვლა. ეს ასე იქნება და სხვას არც ველით, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში, რაც პოზიტიური მოვლენაა. არ ვიცი, ოპონირების ხარისხს როგორ და რა დოზით გასწევენ, რომელი თემით უფრო დაინტერესდებიან. მათი ბრიფინგიდან ერთ-ერთი პოზიტიური, რაც დავინახე, საგარეო ორიენტაციის შესახებ მათი აზრის დაფიქსირება იყო. მათი დეკლარირება დღეს იყო ისეთი, რამაც შეიძლება იმის თქმის საშუალება მოგვცეს, რომ ღიად პრორუსული ძალები პარლამენტში არ და ვერ იქნებიან, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება შეფარვით პრორუსულ ძალებს, თუ შემოვიდა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, შეფარვითი პრორუსული ძალები გვეყოლებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვეს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთნენ.