სარეზერვო ფულის მოცულობა 1.2 პროცენტით შემცირდა
2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 59.8 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 11.9 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 8.3 პროცენტს გაუტოლდა.
როგორც ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაშია განმარტებული, საანგარიშო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 173.8 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ნოემბერში 152.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 21.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
თვის მიმოხილვაში აღნიშნულია ისიც, რომ ნოემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 90.4 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,605.1 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში განთავსდა 20 მლნ ლარისა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები.
“აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 390.0 მლნ ლარით და 1,910 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხი უცვლელია და 400 მლნ ლარს, ხოლო ერთდღიანმა სესხმა 440.7 მლნ ლარით მოიმატა. მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი შემცირდა 115.4 მლნ ლარით. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 64.7 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 3,90.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 59.8 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 106.0 მლნ ლარით შემცირდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები – 44.4 მლნ ლარით, ხოლო კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 1.7 მლნ ლარით გაიზარდა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.