“რიგი მედიასაშუალებები, ტექნიკურ შეცდომას იყენებენ პოლიტიკური მიზნით”

“ჩემი ყოველდღიური საქმიანობის დროს, მომივიდა შეცდომა და მედიამონიტორინგის მასალა შემთხვევით გავუგზავნე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რისთვისაც მათ ვუხდი ბოდიშს, დღეს, რიგი მედიასაშუალებები, ჩემს ამ ტექნიკურ შეცდომას იყენებენ პოლიტიკური მიზნით”,- ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თიკო თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დაუშვებელია ყველაფრის კადრება და საჯარო მოხელის გამოყენება მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი შესძინონ ყველაფერს.

“თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ როგორ არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკური მიზნით გამოყენება!

როგორც ყველასთვის ცნობილია, ყველა საჯარო უწყებაში არსებობენ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომელიც ახდენენ ყოველდღიური ახალი ამბების მედია-მონიტორინგს, ერთ-ერთი ასეთი ვარ მე. დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ვაწვდი ინფორმაციას, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ისიც იცის ყველამ, რომ სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა დღესასწაულზე ვიღებთ ხოლმე მილოცვას.

ჩემი ყოველდღიური საქმიანობის დროს, მომივიდა შეცდომა და მედიამონიტორინგის მასალა შემთხვევით გავუგზავნე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რისთვისაც მათ ვუხდი ბოდიშს.

2004 წლიდან ვმუშაობ საჯარო სამსახურში, მათ შორის პარლამენტში და ახლა უკვე ფინანსთა სამინისტროში, ამ წლების მანძილზე, კეთილსინდისიერად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე; და დღეს, რიგი მედიასაშუალებები, ჩემს ამ ტექნიკურ შეცდომას იყენებენ პოლიტიკური მიზნით.

ამ ლინკზე მიბმული ფოტოც ადასტურებს და ფინანსთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი დაადასტურებს, თუ რა სახის გზავნილები (მოსალოცი) მისდით ამ ფორმით ყველა თანამშრომელს.

დაუშვებელია ყველაფრის კადრება და საჯარო მოხელის ასე გამოყენება მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი შესძინონ ყველაფერს; კომენტარებში მეტი სიცხადისთვის დავდებ ფოტოსაც”,- წერს თევზაძე.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ინფორმაციით “ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ “ოცნება” ოპოზიციას ყველაფერს გადაუგრიხავს – პირადი შეტყობინების სახით დაეგზავნათ. პირადი შეტყობინების ამსახველ ფოტოს “მთავარ არხს” წყარო სამინისტროდან უგზავნის.
“სავარაუდოდ, ეს მესიჯები საერთო მმართველი გუნდის საერთო მესიჯბოქსის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება. გზავნილები თანამშრომლებს დღეს გაეგზავნათ”, – აცხადებს ტელეკომპანია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები