“თუ ისტორიას გადავხედავთ, „ნაცმოძრაობას“ სამართლიან არჩევნებში გამარჯვება, არასოდეს ჰქონია, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ წელს სრული ფიასკო განიცადა” – არჩილ თალაკვაძე

“ოპოზიციაში არის 2 პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელსაც, თუ ისტორიას გადავხედავთ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვება, პრაქტიკულად, არასოდეს ჰქონია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ისინი რევოლუციის გზით, “ხავერდოვანი რევოლუციით” მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, 2007 წელს უკვე რეალურად წააგეს დემოკრატიული არჩევნები – გააყალბეს, დარჩნენ ხელისუფლებაში და მას შემდეგ, 2012 წლამდე, სანამ საზოგადოებამ ეს ხალხი არ გააძევა და „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის ძალისხმევით არ გაიყვანა, მათ მუდმივად ჰქონდათ ხელისუფლებაში გაყალბებითა და ძალადობით დარჩენის გამოცდილება.
შესაბამისად, მათ აქვთ დღეს იგივე ინსტიქტები და იგივე გენეტიკური კოდი, როცა თვლიან, რომ ხელისუფლებაში დესტაბილიზაციითა და ძალადობით უნდა დაბრუნდნენ და ეს ნათელია მათი ყველა ლიდერის განცხადებიდან, დაწყებული, როცა ისინი „ადუღებდნენ“ სხვადასხვა რეგიონს. ეს ხალხი მიდრეკილია დესტაბილიზაციისკენ. მეორე ჯგუფი არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც წინა პარლამენტში ჰქონდა საკმაოდ დიდი ოპოზიციური წარმომადგენლობა, ამ არჩევნებში მათ განიცადეს სრული ფიასკო, სავარაუდოდ, იმ სტრატეგიით, რაც ლიდერებმა აირჩიეს. შესაბამისად, დღეს რომ ხმამაღლა გვესაუბრებიან ტელეეკრანებიდან ის ადამიანები და ხალხს ეუბნებიან – არ შევალთ პარლამენტში, რეალურად, რომც მოინდომონ, ეგ ადამიანები მაინც ვერ შევლენ პარლამენტში, რადგან ეს არის ხალხი, რომლებიც სიაში ნუმერაციით ცნობილია, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, ვართ იმ მოდელირებულ რეალობაში, როცა წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს ახევინებენ მანდატებს და ადამიანები, ვინც არჩევნებში ზღვარი ვერ გადალახეს, ეუბნებიან საზოგადოებას, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, მათ მანდატები არც მიუღიათ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, დღეს საქმე გვაქვს პოლიტიკური შანტაჟის კლასიკურ მაგალითთან.
„ეს არის პოლიტიკური შანტაჟის კლასიკური მაგალითი, როცა პარტიები, რომელთაც არ აწყობთ დემოკრატიული პროცესი, სტაბილური მმართველობა, აშანტაჟებენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს იმით, რომ ისინი ოპოზიციაშიც კი უმცირესობაში არიან, ცოტა მხარდაჭერა აქვთ მიღებული და ამ ორ რადიკალურ პარტიას აქვს მის მიერ კონტროლირებული მედია და ფინანსური რესურსი, რომლის წარმომავლობაც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა და, სავარაუდოდ, მომავალშიც დადგება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები