ხაიშელების მიწების აზომვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ხაიშელების მიწების აზომვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასჯელაღსრულების მინისტრთან – სოზარ სუბართან და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატთან – ვიქტორ ჯაფარიძესთან დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, აზომვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნა იყო ინვესტორის მიმართ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ერთ ლარად გადაცემული ქონების დაბრუნება და დარეგისტრირება მომხდარიყო. გამოიყო ჯგუფი, კანადური კომპანია “რეფლაინი”, რომელიც განახორციელებდა ამ სამუშაოებს. ამას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი და მათ მოითხოვეს აზომვის პროცესის დროებითი შეჩერება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ასევე მზად ვარ, ჩავიდე და შევხვდე მოსახლეობას და დეტალურად ავუხსნა პროექტის დადებითი მხარეები”, – განაცხადა კახა კალაძემ და იქვე აღნიშნა, რომ ხაიშელებს ის პირადად შეხვდება.
სოზარ სუბარის შეფასებით, საჭიროა რომ დიალოგი გაგრძელდეს და ყველასთვის მისაღები გამოსავალი მოიძებნოს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარება და კარგად ესმის თითოეულ ხაიშელს, თუმცა არის სხვა ღირებულებები, რომლებიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც დიალოგი შესაძლებელია. დიალოგი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. მათი პოზიცია იყო დიდი შეკრების მოწყობა, სადაც მთელი სვანეთი შეიკრიბება, ადამიანები, რომელთა აზრსაც გაითვალისწინებენ. შეხვედრა 6 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ დროებით გადავდეთ. მანამდე ჩვენ კიდევ შევხვდებით ხაიშელებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.