ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, ადგილზე მოვსინჯოთ ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ სამხედრო მრეწველობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმოების შექმნა არის კარგი და აპრობირებული გამოსავალი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი გვქონდეს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უპილოტო საფრენი აპარატების – დრონების წარმოების განვითარების შესაძლებლობაზე.

„დრონების წარმოებაზეც უკვე დავიწყეთ საუბარი და გვინდა, რომ ადგილზე მოვსინჯოთ ძალები, ვინაიდან ამის გამოცდილება გვაქვს. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ფლობს ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას. მსოფლიოში არის სულ რამდენიმე, ალბათ 20-მდე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. აქ არის 1000-მდე სამხედრო თვითმფრინავი SU-25 გამოშვებული. ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გვაქვს ქარხანა, რომელიც ახლა „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის – „თბილავიამშენი“, სადაც დავიწყეთ აღმშენებლობა, დავიწყეთ თვითმფრინავების, ვერტმფრენების რემონტი და ამის არ გამოყენება არის დანაშაული. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც დასაქმებული ხალხი ოქროს ფონდია. ამას გარდა, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი საავიაციო უნივერსიტეტთან და გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები და ახალი თაობა გაიზარდოს ძველ, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები