სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ სემეკ-მა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა ტარიფების ზრდა, დავით ნარმანია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს, მათ შორის, პანდემიის გავლენასაც ასახელებს.
„საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე, განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯისა და პროექტის გათვალისწინება. ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა, მინიმუმ, 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენ მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ.
პირველ ყოვლისა, ესაა პანდემია და მისგან გამოწვეული მოხმარების შემცირება, ასევე, ბოლო 2 წელს არ იყო უხვი ნალექები და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია დააკლდა ენერგიის კალათას. იყო სხვა რამდენიმე ფაქტორი, რამაც ზეწოლა მოახდინა ტარიფზე. გაცვლით კურსს რაც შეეხება, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული კურსი ავიღეთ, რასაკვირველია, ლარის კურსი აძვირებდა შესასყიდ ელექტროენერგიას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.