გიორგი გახარია: გუნდში, პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ

გუნდში, ხელისუფლებაში, პარლამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.
„საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, წყალმომარაგების ტარიფსაც, რომელიც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, ასევე, როგორც ჩანს, გაიზრდება, რამეთუ ისიც წლების განმავლობაში არ გადახედილა, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და არსებობს გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის ფასზე. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის საკვები პროდუქტების პირველად ადგილობრივ წარმოებაში, 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის, ნაზარდი ტარიფის 50%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები