გიორგი გახარია: რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია ვირუსის გავრცელება
“სულ რაღაც ერთი თვის წინ ინფიცირების გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გვქონდა ევროპაში და წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად გარკვეული შედეგები გვაქვს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვები მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ.
სულ რაღაც ერთი თვის წინ ინფიცირების გავრცელება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გვქონდა და იმ წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად გარკვეული შედეგები გვაქვს. დღეს თუ ჩვენ გვაქვს პირბადის ტარება 70%, ეს რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და, პირველ ყოვლისა, მადლობა უნდა გადავუხადოთ.
თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს. მაგალითად, ეს არის მარტივი წესების დაცვა: პირბადე. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება და მით უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.