„მეცნიერება კაპიტანია“ – ელისაბედ ლეფსვერიძე „ესკიზების კონკურსის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპული სივრცე ახალგაზრდა მხატვარმა ელისაბედ ლეფსვერიძემ მოხატა. განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,
ელისაბედი თბილისის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტია და, ძირითადად, ფერწერით არის დაინტერესებული. თუმცა უყვარს ექსპერიმენტები და, ხელოვნების გარდა, სხვა დარგებითაც ინტერესდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ კონკურსში. მისი ნამუშევარი „ესკიზების კონკურსის“ ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა.
როგორც თავად ამბობს, კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებისთვის უდიდესი სტიმული და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაა. მისთვის კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან საშუალება მიეცა, ესკიზში გადმოეცა თავისი თვალით დანახული მეცნიერების სამყარო.
„ჩემი ნამუშევარი უკავშირდება ევროკავშირის სიმბოლიკას და მეცნიერების თორმეტ სიმბოლოს, რომელიც სხვადასხვა დარგს აერთიანებს. ვეცადე, ნახატით გადმომეცა ჩემი ჩანაფიქრი – მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთს უკავშირდება ზუსტი და გამომსახველობითი სფეროებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს კვეთს. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დააინტერესებს სამეცნიერო და სახელოვნებო მიმართულებებით და, შედეგად, ბევრი საინტერესო და ექსპერიმენტული პროდუქტი შეიქმნება.“
შეგახსენებთ, რომ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ესკიზების კონკურსი. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული, რომლებიც თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტების ევროპულ სივრცეებს თავად ხატავენ.
🇬🇪🇪🇺 უნივერსიტეტებში ევროპული სივრცეები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მოაწყო. 2021 წლიდან ევროპულ სივრცეებში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები განთავსდება.