სანდრო თვალჭრელიძე: ქვეყანაში ძალიან ბევრი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა და მოსახლეობის ინტერესის საგანი სწორედ მათი მოგვარებაა

“ოპოზიციას მუდამ აქვს განწყობა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი ცუდიაო, ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რასაც ოპოზიცია ამბობს და აკეთებს, მიუღებელიაო. ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანოა”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმება, რომელმაც საარჩევნო სისტემა შეცვალა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

“ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო 8 მარტის შეთანხმება, რომელმაც შეცვალა საარჩევნო სისტემა და პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი გაუჩინა. მაგრამ ოპოზიცია აქაც სრულიად არათანამიმდევრული აღმოჩნდა – ნაცვლად იმისა, ამდენი ხნის ბრძოლით მოპოვებული ცვლილებები საკუთარ გამარჯვებად ექციათ, პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს, რითაც ბურთი და მოედანი ისევ “ქართულ ოცნებას” დაუთმეს. უბედურება ის არის, ოპოზიციას მუდამ აქვს განწყობა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი ცუდიაო, ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რასაც ოპოზიცია ამბობს და აკეთებს, მიუღებელიაო. ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანოა და განხეთქილების წარმოშობას უწყობს ხელს. საქმიან დისკუსიასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ წვრილმან კინკლაობასთან. ქვეყანაში ძალიან ბევრი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა და მოსახლეობის ინტერესის საგანი სწორედ მათი მოგვარებაა. ოპოზიციონერების წამოჭრილ ზოგიერთ საკითხს საზოგადოება უკვე ცინიკურად აღიქვამს. მაგალითად, თურმე, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პოლიტიკურ პატიმარს ეძახიან გიორგი რურუას. სწორედ ამის გამო არ დაუჭირეს მხარი უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს! როგორი პოლიტიკური პატიმარია ეგ ბატონი, თორაძეების ოჯახის გადარჩენილ წევრებს ჰკითხეთ. არა მხოლოდ ეს ოჯახი ეძებს დიდი ხანია სამართალს – გიორგი რურუას სხვა “საგმირო” საქმეც ბევრი ახსოვთ, მაგრამ ახლა პოლიტპატიმრად შერაცხეს, რადგან ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელია. არსებობს სამართალი, სამართლიანობა და ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ის უმძიმესი წლები, ამ ადამიანის პოლიტპატიმრად შერაცხვა უსამართლობა და ცინიზმია! აი, ასე აქვს არეული ღირებულებები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია”, – აცხადებს თვალჭრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები