„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა.

ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

როგორც ცნობილია, კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21:00 საათამდე გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები