გელათში დროებითი გადახურვის მოწყობა დასრულდა

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობა დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ზამთრის სეზონისთვის გათვალისწინებული ქმედებების ბოლო ეტაპზე შემსრულებლის მიერ თუნუქის მყარი სახურავით სრულად დაიფარა მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი.
„სააგენტოსთან შეთანხმებით, სამუშაოები იმავე მეთოდოლოგიით შესრულდა, რომელიც ტაძრის ქვედა რეგისტრების (ეკვდერები, კარიბჭეები, ნართექსი) გადასახურად იყო გამოყენებული.
დროებითი გადახურვის ღონისძიებებით, სამუშაო სეზონის განახლებამდე, ტაძრის თეორიული რისკის შემცველი ყველა კრიტიკული მონაკვეთის დაცულობა უზრუნველყოფილი გახდა. წყლის ინფილტრაციის შეჩერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კედლის მხატვრობაზე პოზიტიური ზეგავლენა უკვე აისახა ეროვნული სააგენტოს გეგმიური მონიტორინგის (3 ოქტომბრისა და 24 ნოემბრის მისიები) ანგარიშებში, სადაც დატენიანებული კედლის მხატვრობის მონაკვეთების გამოშრობის პროცესი აგვისტოს თვიდან ფიქსირდება.
სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობაზე 2020 წელს დაწყებული გეგმიური მონიტორინგი და მარილის კრისტალური ფენის მექანიკური მოხსნის შესაბამისი ქმედებები სააგენტოს მიერ 2021 წელსაც გაგრძელდება. წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში მხატვრობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის პროცესი გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის საშუალებითაც წარიმართება, რომლის სენსორები ორივე ტაძრის ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა არეალებზე უკვე დამონტაჟდა. ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებაზე დაკვირვებით, განისაზღვრება მაკროკლიმატის გავლენა მიკროკლიმატზე და მათი შესაძლო ზემოქმედება კედლის მხატვრობის მდომარეობაზე. მომდევნო წლიდან, დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გადახურვებსა და კედლის მხატვრობაზე არსებული პრობლემების სრულფასოვნად შესწავლის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები.
ამ ღონისძიებათა განხორციელებამდე შენარჩუნდება გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა. მისი მოხსნისა და წუნდებული კრამიტის ტრადიციული წესით დამზადებული კრამიტით ჩანაცვლების ეტაპობრივი პროცესი გამოსასწორებელი ქმედებები განსაზღვრის პარალელურად წარიმართება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები