სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წელს დახმარებას 97,579 ფერმერი მიიღებს

  სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა და „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ პირადად გააცნო.
,,სახელმწიფოს მხრიდან საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა და ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებში – ხვნის პროცესში მოსახლეობის დახმარება მიზნად ისახავს მოსახლეობის სოფლისკენ მობრუნებას და მათ ხელშეწყობას. მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარების და ბენეფიციართა სიებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში, 1.25 ჰა-ის ჩათვლით, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აქვთ “, – განაცხადა შალვა ფიფიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, წელს დახმარებას 97,579 ფერმერი მიიღებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“, რათა პროექტის შესახებ ინფორმაცია მათ მოსახლოებას სწორად მიაწოდონ.
შეხვედრაზე „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ გარდა, განიხილეს გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების, ასევე დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სადრენაჟე სამუშაოების საკითხები. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ბარათების დარიგების პროცესი უკვე დაიწყეს.
პროექტის ბენეფიციართა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათები მუნიციპალიტეტების გამგებლებს უკვე გადაეცათ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, მარნეულის, გარდაბანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები