გიორგი გახარია: აშშ-სა და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი და ამ რეზერვის ათვისება უნდა იყოს ძირითადი მიზანი

“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი და ამ რეზერვის ათვისება უნდა იყოს ძირითადი მიზანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, აქ დღეს სულ უფრო და უფრო წინა პლანზე გადმოდის ეკონომიკური განზომილება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული გეოგრაფიული დაშორება და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც შესაძლებლობებს გვიფართოებს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ბიზნესი მთლად ისე ძლიერი ვერ არის, რომ აითვისოს ის შესაძლებლობები, რომელიც პოტენციურად შეიძლება გაგვიხსნას პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არ იქნება დღეს და ხვალ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განზომილება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქაც, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოუყენებელი რესურსი, სადაც შეგვიძლია, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მეტი პარტნიორული ხელი გავუწოდოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, განსაკუთრებით რეგიონში მათი ინტერესების განხორციელებისა და განსაკუთრებით შავი ზღვის ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით. ეს რესურსი ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ და ეს იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილება. მით უმეტეს, ყველას კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ჰიბრიდული გამოწვევები, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, რბილი ძალა და ა.შ სადაც, გეოგრაფიული განზომილება ცოტა უფრო მეორე ფლანგზე გადადის და ფასეულობებზე დაყრდნობილი პარტნიორობა ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი. მესამე განზომილება – ჩვენი დემოკრატიზაციის კონსოლიდაცია იქნება მუდმივი მხარდაჭერის და თანამშრომლობის საგანი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის გარდამავალი დემოკრატია და ჩვენ წლები მოგვიწევს ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროს რეფორმირება, ამისთვის მზად უნდა იყოს პარლამენტიც, მთავრობაც და ჩვენი საზოგადოებაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები