საგამოძიებო სამსახურმა იმერეთში ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50- და 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქ. ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებსა და სავაჭრო ქსელში. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ, ჯამურად, გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.