დავით ზალკალიანის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას – ასეთი იყო სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილი საქართველოსთვის, 17-18 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტისას” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში. ამასთან, ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით დაფიქსირებული მიღწევები და გაძლიერდეს აშშ-ს ყოფნა და ჩართულობა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა. 20201 წლის ავტორიზაციის აქტი, მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების მრავალდარგობრივი მხარდაჭერა, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის სტაბილურობას.

მინისტრობის კანდიდატმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა 2020 წელს არა მარტო შენარჩუნდა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. მისი თქმით, აშშ კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ არაერთ განცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს. როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს დაფინანსება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ვრცლად ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც ინტენსიურად გაგრძლედება. ზალკალიანის განცხადებით, აშშ-თან როგორც სტრატეგოულ პარტნიორთან, აუცილებელია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების იმავე დონეზე აყვანა, რა დონეზეც უკვე გვაქვს პოლიტიკურსა და უსაფრთხოების სფეროებში კავშირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები