თენგიზ ცერცვაძე: ორმაგი რისკის ჯგუფს ვეკუთვნი – 70 წელს ვარ გადაცილებული და მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, რომელიც ითვლება ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად კორონავირუსის დროს

“ორმაგი რისკის ჯგუფს ვეკუთვნი – ერთი ის, რომ 70 წელს ვარ გადაცილებული და მეორე ის, რომ მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, ეს დაავადება ითვლება ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად კორონავირუსის დროს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უარესდებოდა იმუნური სისტემის მაჩვენებელი და მაშინ გადაწყვიტა, მედიკამენტი “რემდესივირი” გაეკეთებინა.

,,ორმაგი რისკის ჯგუფს ვეკუთვნი – ერთი ის, რომ 70 წელს ვარ გადაცილებული და მეორე ის, რომ მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, არა-ხოჯკინის ლიმფომა, ონკოლოგიური დაავადება და მისით გამოწვეული სერიოზული იმუნოდეფიციტი. ეს დაავადება ითვლება ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად კორონავირუსის დროს. ამიტომ, ყველა, მათ შორის, მეც საკმაოდ სერიოზული შეშფოთებით შევხვდით.

თავიდან, ვირუსის მიმდინარეობა მძიმედ დაიწყო; იყო ყელის ტკივილი, ცხელება, სერიოზული ინტოქსიკაცია. გაუარესება დაიწყო მე-3 დღიდან და 5 დღის განმავლობაში, მდგომარეობა უარესდებოდა. რაც მთავარია, უარესდებოდა იმუნური სისტემის მაჩვენებელი, რომელიც, გარკვეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ნიშნულამდე დაეცა. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, გამეკეთებინა მედიკამენტი “რემდესივირი”, რასაც ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ ეს მედიკამენტი არ იყო საქართველოში და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. მედიკამენტის გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ტემპერატურამ დაიწია, ინტოქსიკაცია მოიხსნა და რაც ყველაზე მთავარია, სისხლის მაჩვენებლებმა დაიწყო გაუმჯობესება და ერთ კვირაში მიაღწია იმ დონეს, რაც იყო დაავადებამდე. არ ვიცი, რემდესივირმა მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ ორგანიზმისა და ვირუსის თავისებურებით იყო განპირობებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის COVID-19-ით ინფიცირების შესახებ 17 ნოემბერს გახდა ცნობილი. მოგვიანებით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 28 ნოემბერს გაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები