წილოსანი თურნავას: რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით

„რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?”,- ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მიმართა.

საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ, ნინო წილოსანი რამდენიმე საკითხით დაინტერესდა.

„მივესალმები თქვენს კანდიდატურებს. თუმცა, ამასთან ერთად, მინდა, რომ მოვისმინო უფრო მეტი თქვენი სამომავლო ხედვების შესახებ, და ვგულისხმობ იმას, რომ გაცხადებული პოლიტიკა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაზე, გვავალდებულებს, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მივიდეთ აქამდე. ევროკავშირი არ არის თვითმიზანი, ეს არის იმ სტანდარტების დანერგვა როგორც სახელმწიფოს მართვის, დემოკრატიის პრინციპების კუთხით, ასევე, ადამიანების კეთილდღეობის ზრდა იმგვარად, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეს. როგორ ვაუმჯობესებთ ჩვენი მოქალაქეების დონეს – პირველი კითხვა მექნება ნათია თურნავასთან. თქვენ ისაუბრეთ კაპიტალის ბაზარზე და ყველა ის პრინციპი, რაც დაასახელეთ, არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ გვინდა, რომ კაპიტალის ბაზარი განვავითაროთ, თუმცა, ერთერთი რაზეც არ გაგიმახვილებიათ ყურადღება, არის იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა. ფაქტობრივად, ალტერნატივა ჩნდება სასესხო ფინანსური რესურსის. მაგრამ ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ბოლო სამი წელი მესმის კაპიტალის ბაზრის განვითარების ჩვენეულ პირობაზე, თუმცა, დღეს რეალური ხელშესახები შედეგი არ გვაქვს. ვისურვებდი, რომ თქვენგან მოვისმინო კონკრეტული დედლაინები, ინდიკატორები, როგორ უნდა შევაფასოთ ერთი წლის თავზე, როდესაც თქვენ პარლამენტში მოხვალთ, რა კრიტერიუმით და რა ინდიკატორით უნდა შევაფასოთ რომ ეს თქვენი პოლიტიკა მეტ-ნაკლებად სწორად მიმდინარეობს და ეს რეფორმა სრულდება. ასევე, მინდა, სახელმწიფო საწარმოების თემატიკაზეც გკითხოთ, – პარლამენტში, ჩვენს მიერ მომზადდა ძალიან კარგი და სიღრმისეული კვლევა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობასთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ იყო გაცემული რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი, როგორც ვხვდები, არ არის შესრულებული. ამიტომ, როდესაც თქვენგან ვისმენთ გეგმებს სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რა გაკეთდა ამ წლების მანძილზე და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახელმწიფო საწარმოები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის აქტივების ერთ-ერთ მსხვილ და მსუყე ნაწილს, ამიტომ, მათი ეფექტიანი მართვა და შემოსავლების, ასევე, დასაქმების კუთხით ამ რესურსის კარგად გამოყენება არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. ჩვენს რეკომენდაციებში იყო კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა, ასევე, მართვის მოდელზე შეჯერება. პანდემიასაც უნდა შევეხო – რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯები, რომელიც გადადგით და ძალიან დროულად და კარგად იმუშავა ამან გარკვეულწილად, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი შეზღუდული რესურსების პირობებში ეს იყო, რისი გაკეთებაც შევძელით. მაინტერესებს, რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები