რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ჟურნალ „ანეულთან“ არსებული რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი 2020 წელს მეთერთმეტედ გაიმართა. გამარჯვებულები 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, გამოვლინდნენ.
პრემიები ასე განაწილდა:
I პრემია – რეზო ჯორბენაძე („მეც შენთან ერთად“);
II პრემია – ნინო მანძულაშვილი („ბერდია“);
III პრემია – სალომე გოგოლაძე („ქვის სახელი“).
გარდა ამ სამი მოთხრობისა, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოთხრობები. მათი ავტორები: ლელა თოთაძე, ბადრი სულაძე, ზურაბ გურჩიანი, როლანდ გიორგაძე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ჟურნალ „ანეულის“ პრიზი მიენიჭა გიორგი პაპუაშვილს.
– პანდემიის მიუხედავად, წლევანდელ კონკურსზე 70 საკონკურსო მოთხრობა და ნოველა შემოვიდა, – ამბობს ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი და რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამაარსებელი, პოეტ თამარ შაიშმელაშვილი, – საკონკურსოდ საკმაოდ კარგი მოთხრობები შემოვიდა და თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. მადლობა ყველა მონაწილეს, დიდი მწერლის სახელობის კონკურსში მონაწილეობისთვის. ბევრმა მათგანმა ხომ სწორედ ამ კონკურსისთვის დაწერა ახალი ნაწარმოები. მადლობა პროფესიონალურ ჟიურის, მადლობა ჟურნალ „ანეულთან“ არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრებს, დიდი თანადგომისთვის. 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, ჩავატარეთ გამარჯვებულების გამოვლენის ონლაინსაღამო და ჟურნალ „ანეულის “ ახალი ნომრის წარდგენა, სადაც გამარჯვებული სამი მოთხრობა გამოქვეყნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, საუკეთესო მოთხრობების ავტორებისთვის პრიზებად ხელოვანი ადამიანების ნამუშევრების გადაცემა.
კონკურსის ქველმოქმედია ცნობილი მხატვარი, ესეისტი, მრავალი საერთაშორისო გამოფენის ავტორი და საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, რეზო (ემელიანე) ადამია. მისი ნახატები გადაეცათ: ზურაბ გურჩიანს, როლანდ გიორგაძეს და გიორგი პაპუაშვილს.
ორი წელია რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ქველმოქმედია სამაჩაბლოელი ხელოვანი, ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნოს „ზილფი ჰენდმეიდის“
დამფუძნებელი ფატი კახნიაშვილი. მან წელსაც ხელნაკეთი „სანიშნე მტევანი“ საგანგებოდ დაამზადა კონკურსის საუკეთესო მოთხრობის ავტორისთვის. ამჯერად მისი მფლობელი გახდა ბადრი სულაძე. მხატვარ ქეთევან ჯავახიძის „ცისკრის ანგელოზები“ კი ლელა თოთაძეს ერგო.
2020 წლის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელისთვის სპეციალური პრიზი დააწესეს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლამ და მის პედაგოგებმა: იზო სამუშიამ და ცისმარი ყურაშვილმა, რომლებიც, ასევე, მრავალი წელია რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ქველმოქმედნი არიან.
ჟიურის წევრები იყვნენ: ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი), მწერალი თამაზ ხმალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (თავმჯდომარე).
მადლობა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, ვისი დაფინანსებითაც 2020 წლის კონკურსი კვლავაც წარმატებით ჩატარდა.