მიხეილ ჩხენკელი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს    

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, გოგი ქავთარაძემ სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა.

“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, რეჟისორის გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრსა და კინოს ემსახურებოდა და ქართული თეატრის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა. საზოგადოებაში მისი კინოგმირები დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია გოგი ქავთარაძის ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოს წინაშე. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გოგი ქავთარაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

გოგი ქავთარაძე სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობის, რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა, თეატრსა და კინოში უამრავი სახასიათო როლი შექმნა.

 

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები