მამუკა მდინარაძე: ახალ ნორმას არ ვიგონებთ, საარჩევნო ცენზს მთელი მსოფლიო აღიარებს

ახალ ნორმას არ ვიგონებთ, საარჩევნო ცენზს მთელი მსოფლიო აღიარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, დღეს კანონმდებლობის ამ კუთხით დარღვევისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის.

„მაგალითად, დღეს მდგომარეობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ რომელიმე პარტიის ლიდერი იყოს, რომელიც საქართველოშია, ჩამოვა ან უცხოეთიდან შეეცდება ლიდერობას და პარტია ამ ყველაფერს არ გაემიჯნება, ეს დღესაც აკრძალულია ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში. მაგრამ ამისთვის სანქცია რა არის და სახელმწიფომ როგორ უნდა უზრუნველყოს, ეს არის ხარვეზი ქართულ კანონმდებლობაში, რადგან ამის გამორიცხვას 2000 ლარით ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ ახალ ნორმას არ ვიგონებთ, საარჩევნო ცენზს მთელი მსოფლიო აღიარებს, მაგრამ სანქციები სხვადასხვაგვარია. ჩვენს შემთხვევაში 2000 ლარია, რაც საკმარისი არ არის და ახალი ცვლილებებით მკაცრდება.

თუ თავისუფლება აღკვეთილი პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა, როგორც ლიდერი საარჩევნო აგიტაციაში და ლიდერობას არ ემიჯნება, როგორ უნდა გამოირიცხოს არჩევნებიდან ცენზის უგულვებელყოფის ფაქტი? მათ თქვან, რა სანქცია უნდა იყოს, თუ არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა? თუ ჟირინოვსკიმ რომ თქვას, „ევროპული საქართველოს” ლიდერი ვარო და ბოკერიამ რომ დაადასტუროს, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი არისო, 2000 ლარი შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღეს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები