ვის შეეხება დაანონსებული ამნისტია – ნანა კაკაბაძის განმარტება
“დაანონსებული ამნისტია, ძირითადად, ეხება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ნარკომომხმარებლების გათავისუფლებას ციხეებიდან”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის” ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნანა კაკაბაძის განმარტებით, ამნისტია საყოველთაო არ არის, რადგან ყველა მუხლსა და ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს არ ეხება.
„როგორც აანონსებენ, ამნისტია დაახლოებით დეკემბრის ბოლოსთვის იქნება მიღებული. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და, რაც მთავარია, უფლებადამცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტმა მუშობა დაიწყო, პირველი ნაბიჯი ჰუმანიზმისკენ გადადგა და შემოვიდა ამნისტიასთან დაკავშირებული ინიციატივით. ეს ამნისტია არ არის ფართომასშტაბიანი. ამ ორი დღის მანძილზე ჟურნალისტებისგან ხშირად მომისმენია, რომ ესაა საყოველთაო ამნისტია, მაგრამ ეს ასე არაა. ამნისტია ყველა მუხლსა და ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს არ ეხება. აქედან გამომდინარე, თავისთავად ეს არ არის საყოველთაო. მაგრამ რაც არის, ისიც კარგია. რამდენიმე ადამიანიც თუ დატოვებს ციხის კარებს და თავისუფლებაში იქნება, განსაკუთრებით, ახალი წლის პერიოდში, ეს ძალიან კარგია.
ამნისტია, ძირითადად, ეხება 260-ე მუხლს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ნარკომომხმარებლების გათავისუფლებას ციხეებიდან. ისიც მხოლოდ იმ კატეგორიის ნარკომომხმარებლებისას, რომლებასაც ჰქონდათ მცირე რაოდენობის ნარკოტიკული მოხმარების ფაქტები. 5-6, მაქსიმუმ 8 წლით მისჯილი ნარკომომხმარებლებისთვისაა ეს ამნისტია. ამაზეა ორიენტრებული. ამნისტია დაახლოებით 800-მდე პირს ეხება, აქედან 670 -მდე ნარკომომხმარებელია. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ამაზეა ძირითადად და არაა საყოველთაო.
ეს ამნისტია შეეხო უვადო პატიმრებსაც. განისაზღვრა, რომ იმას, ვისაც მოხდილი აქვს 15 წელი, შეიძლება, სასამართლომ განუსაზღვროს შინა პატიმრობა ან პირობითი სასჯელიც. ვისაც მოხდილი აქვს უვადოში 20 წელი, მათ შეიძლება, პირდაპირ პირობითი სასჯელი განესაზღვროთ. ორივე შემთხვევაში ის დათქმა არსებობს, რომ უნდა იყოს კარგი რეკომენდაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ერთადერთი, ვისაც უვადო პატიმრებიდან სრულად შეეხო გათავისუფლება, არიან ნარკომომხარებლები, რომლებსაც წინა რეჟიმის დროს ნარკოტიკების მოხმარების მუხლით უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. სულ 3 ადამიანია ასეთი, როგორც ვიცი.
ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს ამნისტია არ ეხება ნარკორეალიზატორებს, ეს ეხება მხოლოდ ნარკომომხმარებლებს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ამნისტია უფრო ფართო ყოფილიყო. ნანა კაკაბაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსების შეფასებებსაც გამოეხმაურა.
„ვისურვებდი, ეს ამნისტია უფრო ფართო ყოფილიყო, თუ ჰუმანიზმისკენ დგამს ნაბიჯს ხელისუფლება, იქნებ ეს უფრო ჰუმანური აქტი ყოფილიყო. შეიძლება, არ ყოფილიყო ისეთი ფართო, როგორიც 2012 წლის იყო იმიტომ, რომ მაშინ სხვა მოცემულობა იყო ქვეყანაში. იცით, რომ 30 000-ზე მეტი პატიმარი დახვდა ახალ ხელისუფლებას. ეს იყო ანომალიური მდგომარეობა. ასეთი დაპატიმრებები არასდროს ამცირებს კრიმინოგენულ სიტუაციას, პირიქით, ასეთი დაჭერები იწვევს საზოგადოების გაბოროტებას, გამწარებას, მათ შორის, პატიმრებისას, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელებს. შემდგომ, როცა ეს ადამიანები უბრუნდებიან თავისუფლებას, ისინი კიდევ უფრო მეტად არიან საშიშები. ამიტომ, ის, რასაც ჰუმანიზმი და დემოკრატიული სტანდარტები გვთავაზობს, სწორედ ამაზეა მიმართული, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს კანონების ლიბერალიზაცია და, მეორე მხრივ, მოქალაქეები იყვნენ დაცულები.
ამნისტიასთან დაკავშირებით ასევე მოვისმინე პოლიტიკოსების შეფასებები. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მათ უმეტესობას არ ჰქონდა წაკითხული ეს პროექტი და ისე აფასებდნენ, რადგან საუბრობდნენ იმაზე, რომ ხომ არ დევს ამნისტიაში რაღაც პოლიტიკური ინტერესები, ხელისუფლება ვალშია კრიმინალებთან და ამიტომ იღებს ამ კანონს. ეს არაადეკვატური შეფასებებია“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გუშინ გამართა.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები, თუმცა კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახური ძალადობა.
თამუნა შეყილაძე