ისრაელის პრემიერმინისტრის, ბინიამენ ნეთანიაჰუს განცხადებით, 19 დეკემბერს ის პირველი იქნება, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს.
“ვთხოვე, რომ პირველს მე გამიკეთონ და ეს ისრაელის მოქალაქეებისთვის მაგალითი უნდა გახდეს, ასევე, მოწოდება, რომ აცრაზე თანხმობა თქვან”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა უკვე ისრაელშია და ვაქცინაციის დაწყება 19 დეკემბერს იგეგმება.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ საავადმყოფოებში, შემდეგ – სტომატოლოგიურ და კერძო კლინიკებში. ამის შემდეგ, პრეპარატს შეუყვანენ ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომლებს, სტუდენტ-მედიკოსებს, რომლებიც პრაქტიკას საავადმყოფოებში გადიან, სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სამაშველო სამსახურებს.
შემდეგ მოხდება მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირების და 60 წელს ზემოთ ადამიანებს ვაქცინირება.
მომდევნო ეტაპზე მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა აცრა; შემდეგ – მაღალი რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანების – პედაგოგების, სოციალური მუშაკების, ციხის ბადრაგისა და პატიმრების.
ისრაელელი მედიკოსების თქმით, რისკ ჯგუფში შემავალი მთავარი ჯგუფის – მოხუცთა აცრისთვის ერთი თვე იქნება საკმარისი.
გეგმის თანახმად, დღეში 60-70 ათასი ადამიანის აცრა უნდა მოხდეს.