თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ნოდარ მამისაშვილს იუბილეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია  ნოდარ მამისაშვილის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. 15 დეკემბერს ემერიტუსს, კომპოზიტორს, გამომგონებელს, აკუსტიკოსს, მეცნიერსა და მოაზროვნეს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს –  ნოდარ მამისაშვილს 90 წელი შეუსრულდა.  ურიცხვი დამსახურებებისთვის კონსერვატორია  მას სპეციალურ  სიგელს გადასცემს.
„ნოდარ მამისაშვილის პიროვნება უნიკალურია თავისი მრავალმხრივობით და სისტემური აზროვნებით. ნოდარ მამისაშვილი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველად მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმ. სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში. რაც მნიშვნელოვანია, ქართული სამგალობლო ჰარმონიიდან მან გამოყო ძირითადი ფუძე – ტონები და გადაიტანა 9 ზარის ხმოვანებაში. ასევე მოახდინა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით: 2 მოხმობის ზარი, 2 მიმტევებლობის, 2 სამგალობლო, 1 მონანიების, ლოცვის, 1 დიდების ზარი.
როგორც კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო, მათ შორის ოპერის, ბალეტის, სიმფონიურ, საორგანო, საგუნდო მუსიკის. იგი ავტორია საბავშვო ოპერის „ბაქია – ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის, ნაწარმოებებისა სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის, ინსტრუმენტული კონცერტების, საგუნდო, საგუნდო-სიმფონიური, იგი ასევე არაერთი კამერული ნაწარმოების შემქმნელია. ნოდარ მამისაშვილი მოღვაწეობს გამოყენებითი მუსიკის სფეროშიც. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისათვის.
აღსანიშნავია მისი ,,ტანდემი” ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფილმები – „დიდი მწვანე ველი” და ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე”, სადაც მუსიკა გვხიბლავს თავისი გულწრფელობით. ნოდარ მამისაშვილის შემოქმედება ღრმად ეროვნული და, ამავდროულად, ინტერნაციონალური და ზოგადსაკაცობრიო. იგი ეროვნული საწყისის ისეთ ღრმა შრეებს ეხება, რომლებიც ხანდახან არცთუ ადვილი შესამჩნევი და აღსაქმელია“, – აღნიშნულია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გულითად მილოცვას უერთდება კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლი ნინო ჟვანიას ხელმძღვანელობით.
25 დეკემბერს   „ლენო რეკორდსის” სტუდიიდან ონლაინკონცერტი გაიმართება. შესრულდება საფორტეპიანო ციკლი „ლირიკული დღიურის ფურცლები“. მონაწილეობენ: თორნიკე ბერიძე, ეკა გოგოლიძე, თათა მახარაძე, ვახტანგ ზაალიშვილი, ელენე ნიკოლეიშვილი, ლაშა მღებრიშვილი, სალომე მოდებაძე. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნინო ჟვანია.
ღონისძიება ტარდება თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, ასოც. პროფესორ ნანა შარიქაძისა და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, ასოც. პროფესორ მაკა ვირსალაძის ინიციატივით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები