მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო და მდინარე კაპარჭინა გაიყინა
უამინდობის გამო ფოთში მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი და მდინარე კაპარჭინა გაიყინა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვინაიდან საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება, მსგავსი შემთხვევა იშვიათობას წარმოადგენს. ბოლოს პალიასტომი 2008 წელს გაიყინა, მაშინ ტბის 80% იყო გაყინული. ამჯერად, გაყინული ზედაპირის ფართობი, სანაპიროდან 10 მეტრის რადიუსზე ფიქსირდება. სპეციალისტების განმარტებით, ტბის ბინადრებისთვის არსებული ვითარება საფრთხეს არ წარმოადგენს.
“საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, აქედან გამომდინარე, ისეთი დიდი ტბების გაყინვა, როგორიც პალიასტომია, იშვიათობას წარმოადგენს. მიუხედავადა ამისა, ბოლო პერიოდში, უმოკლეს ვადაში ტბა ორჯერ გაიყინა. ისევე, როგორც მასში ჩამდინარე მდინარე კაპარჭინა. არსებული გარემოება, ტბაში და მდინარეში მობინადრე ცოცხალი სახეობებისათვის, საფრთხეს არ წარმოადგენს”, – აცხადებს ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, გელა ინგოროყვა.