დავით სერგეენკო: ყოველთვის მძიმე საყურებელია კადრები, როდესაც ძალის გამოყენებით ხდება ნაგებობების დანგრევა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯები
“გამიჭირდება, რომ ასეთი ქმედებები მოვიწონო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი”, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი.
მისი თქმით, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, მერია დაეხმარება.
„რა თქმა უნდა, ყოველთვის მძიმე საყურებელია კადრები, როდესაც ძალის გამოყენებით ხდება ნაგებობების დანგრევა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯები. ალბათ, ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, უშედეგოდ დამთავრდა და, რამდენადაც ვადევნებდი თვალ-ყურს, სავარაუდოდ, შენობებში, რომელთა დემონტაჟიც მოხდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები, არ იყო ჯერ დასრულებული.
რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ ოჯახს დაეხმარა ქალაქის მერი, ასეთი პიროვნული დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, ქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, მერია დაეხმარება. აღსრულება ყოველთვის მძიმეა და ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო ეს, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი. მე გამიჭირდება, რომ ასეთი ქმედებები მოვიწონო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა მან.
15 დეკემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არცერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და, რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.