პირველად საქართველოში – „დისნეი” “პირველი არხის” პარტნიორია

კომპანია „დისნეიმ” (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი “პირველ არხთან” გააფორმა.

“პირველი არხის” ინფორმაციით, მაუწყებელი 2021 წლის იანვრიდან მაყურებელს შესთავაზებს ორიგინალურ, ლიცენზირებულ, ოფიციალური კონტრაქტით შეძენილ პაკეტს, რომელიც მოიცავს ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით გახმოვანებულ პროდუქციას. კონტრაქტით გათვალისწინებულია 349 ფილმის ჩვენება. კომპანია Disney-ს გარდა, ნაჩვენები იქნება ისეთი ცნობილი კომპანიების ფილმები, როგორებიცაა – Marvel, 20th Century Studios, Lucasfilm.

მათივე ცნობით, ანიმაციის გარდა, საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს Disney-ს ფილმებს დღის ეთერისა და საოჯახო ყურებისთვის, Lucasfilm-ის „ვარსკვლავურ ომებს” (Star Wars), ასევე Marvel-ის და 20th Century Studios-ს საკულტო ფილმებს. აღსანიშნავია, რომ Marvel-ის და Star Wars-ის ფილმები ეთერში მრავალხმიანი დუბლირებით გავა. კომპანია „დისნეისა” და პირველ არხს შორის მოლაპარაკებების დროს, ინდუსტრიის წამყვანი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა პროდუქციის მაღალი ხარისხით დუბლირების შესაძლებლობა. შესაბამისად, პირველი არხი მაყურებელს Disney-ს, Marvel-ის, 20th Century Studios-ს, Lucasfilm-ის ანიმაციისა და მხატვრული ფილმების სრულად დუბლირებულ ვერსიას შესთავაზებს. მაყურებელს ასევე ექნება სიმღერების ქართული ვერსიების მოსმენის საშუალება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ ტელესივრცეში. იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი იხილავს „ოსკარის”, „გრემის”, „ბაფტას”, „ოქროს პალმის რტოს”, „ოქროს ლომის”, „ოქროს დათვისა” და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მფლობელ ფილმებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის კომპანიებთან ოფიციალური თანამშრომლობა და პროდუქციის არამეკობრეული გზით მოპოვება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი საავტორო უფლებების მიმართულებით არა მხოლოდ ზედმიწევნით იცავს საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ცდილობს, დაამკვიდროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინტელექტუალური პროდუქციის ოფიციალური ფორმით გავრცელებას. ასევე ბადეში ევროპული, ამერიკული და ქართული პრემიუმ კლასის პროდუქტის განთავსებით ამკვიდრებს სწორედ იმ ღირებულებებს, რაც ქვეყნის და საზოგადოების განვითარების კურსს ასახავს”, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები