სალომე სამადაშვილი – გრიგოლ ვაშაძეზე: მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ
“ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას.
როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ვაშაძის გადაწყვეტილების ესმის და მას წარმატებებს უსურვებს.
“ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა, მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას, და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”, – წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
“მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.