ზურაბ ჯაფარიძე: გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი

“ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცებიც”, – ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ეთანხმება და ეს ელჩების კრიტიკაა, რომელიც მისთვისაც მიუღებელია.

“გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის, უხეში ფორმით. სხვა მხრივ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცებიც. მე ვისზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი პარტიაც გაიყო ახლახან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

“მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები