“გასული კვირის, კორონავირუსზე ტესტირების შედეგი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა” – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, გასული კვირის ანალიზი კი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი თითქმის 22-23%-მდე დავიდა.

ეპიდემიოლოგებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილება, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად, დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვა – მათ შორისაა სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება. სპეციალისტების შეფასებით, შეზღუდვების მოქმედების პირობებშიც კი, ვითარების სტაბილიზაციისა და ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პირბადის ტარებას და აუცილებელია, ეს მაჩვენებელი დღეს არსებული 65%-დან 90-95%-მდე გაიზარდოს, რაც მოქმედ შეზღუდვებთან ერთობლიობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 85 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 48 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, ჯამურად, ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, მათ შორის, პირველადი ინსპექტირება განხორციელდა 340 ობიექტზე, საიდანაც 268 ობიექტზე, პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 42 ობიექტი, საიდანაც 32 ობიექტი ფუნქციონირებდა წესების დაცვით, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა 3 ობიექტი.

საბჭოზე ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერმინისტრის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე – ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.

საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კლინიკური სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერმინისტრის დავალებით, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. აღინიშნა, რომ ბევრ კლინიკურ სასტუმროს, მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც  უკეთ უზრუნველყოფს იქ გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები