ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე”, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი.
„ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე. მე რაც მევალებოდა, როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა, მგონია, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ. ორგანიზაციამ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა ამას თავი. კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჩავატარეთ აუდიტი, დავადგინეთ, რომ ხარვეზი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გაგვეცნო.
ჩვენ პროგრამაში დაშვებული გვქონდა მცირე ხარვეზი, რამაც 3 პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია ჩვენსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცდომილება იმდენად მცირე ხარისხის იყო, რომ გავლენა არ მოუხდენია მანდატების რაოდენობაზე არცერთი იმ პარტიის მიმართ, რომელმაც ზღვარი გადალახა. ამ შემთხვევაში ჩვენი და ცესკო-ს მონაცემებით, პირველი ტურის შემდგომ ამ პარტიების მანდატები იდენტური იყო. მმართველი პარტიის სტრატეგიაა ის, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ არჩევნების პრობლემა არ ყოფილა ის მცირედი ხარვეზი, რომელიც იყო და ჩვენ ამის შესახებ ვთქვით, რადგან საზოგადოებას ჰქონდა უფლება, სიმართლე სცოდნოდა. მთავარი პრობლემა იყო შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი, რაზეც პასუხი არ მივგვიღია და საარჩევნო ადმინისტრაციამ დაგვიმალა ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეს დისბალანსი. არ მოხდა ამ მასალების გადათვლა. მიმაჩნია, რომ ეს შეგნებულად მოხდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ მათ დამალეს ეს მიზეზები. უსერიოზულესი პრობლება იყო ასევე „კარუსელები“,-განაცხადა ნიჟარაძემ.
მისი განმარტებით, ორგანიზაციისთვის უცნობია, თუ რა იყო ამის მიზეზი.
„ცესკო მიიჩნევს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ გაყალბება იყო. ამაზე უნდა გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციას ძალიან დასაბუთებული, ობიექტური პასუხი და რომ არ გასცა, ეს ამყარებს იმ ეჭვებს, რომ გაყალბება ან ისეთი სერიოზულ დარღვევები იყო, რომ დაგვიმალეს.
სამწუხარო ფაქტი ყველამ ვნახეთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი შედგა. ვფიქრობ, ეს საპარლამენტო ცხოვრებაში ძალიან მძიმე ფაქტი იყო. ეს პარლამენტის პირველ სხდომასთან კავშირში არ იყო“, – განმარტა ნიჟარაძემ.