კოვიდ 19 – მსოფლიოში ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა იზრდება; იტალია ლეტალობის მაჩვენებლით ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა; ნიდერლანდების სამეფოში, შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ზომების გამკაცრების საკითხი განიხილება

ამერიკის ცენტრალური მთავრობა აგვიანებს მოსახლეობისთვის დახმარების პაკეტის შემუშავებას. აშშ-ში პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხები უნდა გახარჯულიყო 2020 წლის 30 დეკემბრამდე. აშშ-ის ოფიციალური პირები მოითხოვდნენ კონგრესისგან ბიუჯეტის გახარჯვის უფლების გახანგრძლივებას 2021 წლისთვისაც. მათი ეს მოთხოვნა არის დავის საგანი სენატში. ამის გამო, კოვიდ-19-ის მეორე ტალღის დახმარებები ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ცნობით, შექმნილი რთული ვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების დაგვიანების გამო, ცალკეული შტატები აღარ ელოდებიან ცენტრალური მთავრობისგან დამატებით დირექტივებს და დაიწყეს ადგილობრივ დონეზე გარკვეული დახმარების გაცემა.

„მაგალითად, კენტუკის შტატის ხელისუფლება ეხმარება დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას კომუნალურების სუბსიდირებით. ასევე, ერთ-ერთმა შტატმა განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებენ დარჩენილ ბიუჯეტს უმუშევართა ერთჯერადი დახმარების გასაცემად.
ნიუ იორკის შტატში 14 დეკემბრიდან, კოვიდის სწრაფი გავრცელებისა და გარდაცვალები მაჩვენებლის ზრდის გამო, აიკრძალება ბარ-რესტორნებში შიდა მომსახურება. ასევე, ნიუ იორკის გუბერნატორის განცხადების თანახმად, მაღალია გავრცელების მაჩვენებელი.
12 დეკემბერს აშშ-ში კოვიდ ინფიცირების 16 მილიონი შემთხვევა იყო აღრიცხული. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დასაწყისიდან სამი თვის შემდეგ იყო აშშ-ში 1 მლნ ინფიცირებული, ახლა კი მხოლოდ ოთხი დღე დასჭირდა კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობის 1 მილიონით გაზრდას. ვირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მაღალია.
კალიფორნიის შტატში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ჰოსპიტალური სექტორი საწოლფონდის ამოწურვის რისკის ქვეშ დადგა. ბოლო ორ კვირაში ინტენსიური პალატების დატვირთულობა 70%-ით გაიზარდა. შედეგად, შტატის მასშტაბით, ინტენსიური პალატების მხოლოდ 10% დარჩა თავისუფალი“, – წერს უცხოური მედია.

კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბარია გერმანიაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულია, რომ 16 დეკემბრიდან 2021 წლის 10 იანვრამდე გერმანიაში მოქმედი „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო გამკაცრდება.

“მთავრობა ამზადებს წარსადგენ პაკეტს, სადაც გაწერილი იქნება ე.წ. ლოქდაუნის გამკაცრების პირობები. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, გერმანია საახალწლოდ მძიმე „ლოკდაუნს“ შემოიღებს.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ წინასაახალწლო შოპინგმა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 13 დეკემბერს, გერმანიაში, ინფიცირების 20 200 შემთხვევა გამოვლინდა.
ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზია დაიკეტება. სკოლები დისტანციურ სწავლაზე გადავლენ. ამასთან, სასკოლო არდადეგები 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდება. საბავშვო ბაღები დაიკეტება. საჯაროდ სასმელის მოხმარება აიკრძალება. დამსაქმებლებმა დასაქმებულების დისტანციურ სამუშაო გრაფიკს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყონ. ღვთისმსახურება ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეგულაცია დაცული იქნება. რეკომენდირებულია, რომ იმ ოჯახების წევრებმა, რომლებიც დღესასწაულებზე შეხვედრას გეგმავენ, წინასწარ 7-დღიანი იზოლაცია გაიარონ, რათა ინფიცირების შესაძლო რისკების თავიდან აცილება მოხდეს.
რაც შეეხება შობის დღესასწაულებს, 24-26 დეკემბერს ნებადართული იქნება მაქსიმუმ 5 სრულწლოვანის და 14 წლამდე მოზარდის შეკრება ერთ სივრცეში. ვიცე-კანცლერის განცხადებით, ქვეყანა უნდა იყოს მზად დამატებითი შეზღუდვებისთვის.
გერმანიაში შეზღუდვების საწინააღმდეგო გამოსვლები პერიოდულად იმართება. 12 დეკემბერს ფრანკფურტსა და დრეზდენში გამართული დემონსტრანტების დაშლა, პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენებით მოუწია“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია შვეიცარიაში, ბელგიაში, ნიდერლანდების სამეფოში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში არსებულ ეპიდვითარებასა და არსებულ რეგულაციებზე.

„შვეიცარიაში 5 ყველაზე დიდი საავადმყოფოს დირექტორებმა ჯანდაცვის მინისტრს, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების მიზნით, არსებული შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდეს.
ბელგიაში, ბრუსელისა და ვალონიის რეგიონებში, კომენდანტის საათი გაგრძელდება 2021 წლის 15 იანვრამდე (10:00 PM to 6:00 AM). ვალონიის რეგიონში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ახალი წლის ღამეს, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში შევა შუაღამით.
13 დეკემბერს ნიდერლანდების სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 19 884 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, 13 დეკემბერს მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც ზომების გამკაცრების საკითხი იყო განხილული. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი, მარკ რუტე ოფიციალურ განცხადებას 15 დეკემბერს გააკეთებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იტალია, ლეტალობის მაჩვენებლით, ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა და გაერთიანებულ სამეფოს გადაასწრო. 13 დეკემბერს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 938 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 484 ფაქტი დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირველი შემთხვევიდან დღემდე, იტალიაში გარდაცვალების 64 520 შემთხვევა ფიქსირდება.
13 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 28 080 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 488 ინფიცირებული პაციენტი.
13 დეკემბერს, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების ჯამური მაჩვენებელი 15 000-ს გადასცდა (15 154). ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი, ქვეყანაში გარდაცვალების 156 ფაქტი და ინფიცირების 9 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
3 დეკემბერს, თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 26 919 და გარდაცვალების 218 ფაქტი დაფიქსირდა; 3 დეკემბრიდან თურქეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები