დავით ბაქრაძე: სკამისთვის ბრძოლა რომ იყოს, მეც არ გამოვიდოდი პარლამენტიდან
„ჩვენი არგუმენტი ბოიკოტის სასარგებლოდ ის კი არ არის, რომ მანდატების რაოდენობა არ გვეყო. გიგა ბოკერიას სკამი და მანდატი რომ ნდომებოდა, გარწმუნებთ, „ევროპულ საქართველოში“ მას ნამდვილად აქვს იმის წონა, I ან V ნომერი ყოფილიყო და პარლამენტში შესულიყო“, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქარაძე ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა თქვა, რომ უმანდატო ბოკერია და უგულავა მანდატებს მანდატებზე ახევინებენ.
ბაქრაძის თქმით, ბოკერია იმ წონისა და კალიბრის ლიდერია, რომ უპრობლემოდ მოახერხებდა სიაში ყოფნას.
„გიგა ბოკერია იმ წონისა და კალიბრის ლიდერია, რომ უპრობლემოდ მოახერხებდა სიაში ყოფნას, მას რომ სკამი ნდომებოდა – არ გაუჭირდებოდა. ეს რომ სკამისთვის ბრძოლა იყოს, მეც არ გამოვიდოდი პარლამენტიდან. ამიტომ, ყველა ადამიანი საკუთარი მორალური კრიტერიუმებიდან აკეთებს დასკვნას და ჩვენთვის ეს ბრძოლა სკამებისთვის ბრძოლა კი არ არის, არამედ – იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ჰქონდეს აზრი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.