საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.
ახალი თავმჯდომარის არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს ოთხწლიანი მუშაობისა და თანამშრომლობისთვის. საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, ჩვენმა 2 მილიონამდე თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა. ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამონახვა გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების გამოცხადებული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა, პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.