„…იგი დაუვიწყარ ფილმებს ქმნიდა“ – კინორეჟისორი ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი გარდაიცვალა
82 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი. ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე წერს ფეისბუქის გვერდზე.
„გარდაიცვალა საშა რეხვიაშვილი…
წავიდა ჩვენგან, სრულიად დაუფასებელი ბრწყინვალე ქართველი რეჟისორი.
დღეს ძალზე მიჭირს გარკვევა, რა ნიშნით ხდება ადამიანების ღვაწლის შეფასება და დაფასება საქართველოში. ერთი მთავარი ნიშანი უცილობლად სახეზეა, – იმდენად ზედაპირზე დევს, თვალებში გეჩხირება, თუმც ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება: – უღირსებს ყველაფერი, ღირსეულთ – არაფერი.
საშა რეხვიაშვილის ინტელექტუალური კინო, მისი რეჟისორული ოსტატობა, ოპერატორის მახვილი თვალი, ფერწერული, სიმბოლოებით დატვირთული ბრწყინვალე კადრები, რომლებსაც იგი მაღალი ოსტატობით ქმნიდა, ქართული კინოს დიდი ისტორიის კუთვნილებაა, რადგან ყოველი მათგანი შედევრია.
ქართული საავტორო კინოს მამამთავარი, პოსტმოდერნული ეპოქის უკანასკნელი მოჰიკანი სკრუპულოზურად იკვლევდა ცხოვრებას, წარსულსა და აწმყოს და დაუვიწყარ ფილმებს ქმნიდა, რომლებსაც უბრალოდ კი არ უნდა უყურო, გაერთო და დაისვენო, ყოველი კადრი უნდა განჭვრიტო, თითოეულს რამდენჯერმე მიუბრუნდე და ხსოვნის სალაროში საგულდაგულოდ გადაინახო.
საშამ შესანიშნავად იცოდა ლიტერატურა, ფერწერა, რელიგიის ისტორია, მუსიკა. ფართე განათლების, უზარმაზარი გაქანების, მეტაფორული აზროვნების ნიჭით უხვად დაჯილდოებული პიროვნება მხოლოდ კინოში ხედავდა თავისი უზღვავი ცოდნისა და შემოქმედების რეალიზების ასპარეზესს. თანამედროვე აზროვნების ისტორიაში საშა რეხვიაშვილი შევა როგორც ქართველთა ჭირისა და ლხინის პირუთვნელი მეისტორიე…
მშვიდობით მეგობარო, შენ უკვდავი შემოქმედება დაგვიტოვე, ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი პლასტი, რომელზეც ქართველი კაცის მაღალი კულტურა და სამყაროს განუმეორებელი პოეტური ხედვა პირუთვნელად არის აღბეჭდილი. შენთან ერთად და შენით ის არასოდეს მიეცემა დავიწყებას, რადგან მარადისობაზეა ორიენტირებული“ – წერს ქეთევან ტომარაძე.