კახა კუჭავამ საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ უკრაინის რადასა და ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საპარლამენტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებსა და პროცესებში პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხებს შეეხებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, მონტენეგროსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს. კახა კუჭავამ ევროპელ კოლეგებს საქართველოს მიერ დანერგილი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები გააცნო და პარლამენტის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს პარლამენტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს, პროცესის გამჭვირვალეობასა და ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას, რაც, თავის მხრივ, საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება.
„უკრაინის პარლამენტისა და ვესტმინსტერის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინკონფერენცია, სადაც საუბარი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, კონკრეტულად კი ნორმატიული აქტების აღსრულებაზე კონტროლისა და თემატური მოკვლევის პრაქტიკაზე, რის შესახებაც დეტალურად ვისაუბრე. საქართველო მიიჩნევა ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად და წარმატებულ მაგალითად. ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის მუშაობს, რათა ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსგავსი პრაქტიკა, რომელიც გამოირჩევა მთავრობაზე უფრო ხარისხიანი და ეფექტიანი ზედამხედველობით, დაინერგოს სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები